ნარკომანია და ნარკოტიკების ზეგავლენა ადამიანზე
რა არის ნარკოტიკი? რომელი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკად და რომელ მათგანს იყენებენ ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე “ამბიონს” ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე (საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი) ესაუბრა:
“ტერმინი “ნარკოტიკი” ბერძნული წარმოშობისაა (Narkoticos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს; თუმცა მალე ამ ცნებაშიგაერთიანდა ისეთი საშუალებებიც, რომელთა მთავარი მახასიათებელი სულაც არ არის ძილის გამოწვევა ისევე, როგორც მრავალი საძილე საშუალება არ არის ნარკოტიკი.
საქართველოს კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” ნარკოტიკად მიიჩნევა მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, ან მისი შემცველი პრეპარატი, რომელიც შეტანილია გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის თანდართულ სიებში. ასეთია განმარტება კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ ნარკოტიკი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ აქტივობაზე და იწვევს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში ნარკოტიკებს შორის აღმოჩნდება ალკოჰოლი, თამბაქო და ყავა.
გარკვეულ კონტექსტში მართლაც ხშირად მოიხსენიებენ ჩამოთვლილ ნივთიერებებს “ლეგალურ ნარკოტიკებად”, რადგან მათ გამოყენებას არ კრძალავს კანონი მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ასევე – ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის.”
რომელი ნარკოტიკია ყველაზე საშიში ადამიანისთვის?
ნარკოტიკისგან მომდინარე საშიშროება შეიძლება ორი სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ. ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის მავნეობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რაც განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს. სტატისტიკური კვლევის მიხედვით, ამ ნივთიერებების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად დამზადებული პოპულარული ნარკოტიკების – მეტამფეტამინების (მაგ.: ვინტი) და დეზომორფინის, იგივე “ნიანგის” მიერ გარდაცვლილთა რაოდენობას.
მეორე მხრივ კი ხსენებული კუსტარული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ნარკომომხმარებლებში, რომ მათი გამოყენების ინდივიდუალური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თამბაქოს, ან ალკოჰოლის მოხმარებისა. რადგან აღნიშნულ ნარკოტიკებს გაცილებით მცირე რაოდენობის ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლთან და თამბაქოსთან შედარებით, შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეული ზიანის დონე უფრო დაბალია ზოგადად სოციუმისთვის.
რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი პიროვნებისთვის?
ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ყოველი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც. ნარკოტიკული საშუალების სახეობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ხარისხით დაზიანდეს ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი, შარდსასქესო სისტემა და სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანოთა სისტემა და ორგანო, რომელზეც არ აისახება ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა.
ნარკოტიკზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ზოგი ნარკოტიკის შემთხვევაში 2-3 მიღებაც კი საკმარისია დროის მოკლე ინტერვალში, სხვა ნარკოტიკისთვის კი შესაძლოა 5-10, ან მეტჯერადი მოხმარება იყოს საჭირო, რაც დამოკიდებულია როგორც ნარკოტიკის სახეობაზე, ისე ადამიანის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე, ნარკოტიკის მოხმარების მოტივსა და გარემოზე.
რა თვისებები ყალიბდება ნარკომან ადამიანში?
წამალდამოკიდებულები საკუთარი თავის დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში გახდნენ ეგოისტები, დაკარგეს ძველი ინტერესები, დაენგრათ ღირებულებები, დაკარგეს, ან დაუქვეითდათ თანაგრძნობის უნარი და ა. შ. მე კი ვერაფერს ვიტყვი მყარად და კონკრეტულად მათთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ყველა წამალდამკიდებულისთვის საერთო იქნება და განასხვავებს ლუდომანებისა (თამაშზე დამოკიდებულები) და დამოკიდებულების სხვა ფორმების მქონე დაავადებულებისგან.
ყველაზე ხშირად რა მიზეზი უბიძგებს ადამიანს ნარკომანობისკენ?
ნარკოტიკის მოხმარებისკენ ერთს ინტერესი უბიძგებს, მეორეს – თვითდამკვიდრების სურვილი, მესამეს – უარის თქმის უუნარობა და პიროვნული სისუსტე, მეოთხეს – პრობლემებისგან გაქცევის, ხოლო მეხუთეს – მეტი სიამოვნების განცდის სურვილი. სხვა მიზეზებიც არსებობს…სამწუხაროდ, არ მინახავს სტატისტიკური კვლევა, სადაც პროცენტულ მაჩვენებლებში აისახებოდა მომხმარებელთა მიერ წამლის მოხმარების დაწყების მიზეზები. თუ აქამდე არ გაკეთებულა ასეთი კვლევა, ალბათ, ღირს ამის გაკეთება, ასეთი კვლევის შედეგი გარკვეულწილად დაგვეხმარება, რომ პრევენციის სტრატეგიაში აქცენტები ოპტიმალურად გადანაწილდეს.
როგორ ხდება ნარკომანიის მკურნალობა და რა შემთხვევაშია ეფექტური?
წამალდამოკიდებულთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთაგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ოპტიმალური მიდგომის შერჩევა. მკურნალობის მეთოდებს შორის აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია. დეტოქსიკაციის დროს ნარკოლოგიურ კლინიკაში ხდება ნარკოტიკული ტოქსინებისგან გათავისუფლება და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის სინდრომის (ე. წ. ლომკების) შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებით. ბევრი კლინიკა ამ პროცესში ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად იყენებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სხვა მეთოდებს. ზოგიერთ შემთხვევაში დეტოქსიკაციის პარალელურად წარმოებს ფსიქოთერაპიაც. დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ კი ყოფილი წამალდამოკიდებული გადადის აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია პაციენტის მიერ და ხდება რეციდივის, ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზი.
საერთოდ, მკურნალობასთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ წამალდამოკიდებულება მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განკურნებაზე არ ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია და რაც შიეძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს იგი.
მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალდამოკიდებულს აქვს საკმარისი სურვილი, არის მოტივირებული და შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს ჯერ ნარკოლოგთან, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან, მაქსიმალურად იცავს რჩევებს, ქცევის შეთანხმებულ წესებს, ცდილობს სრულ რესოციალიზაციას.
უყურე ამ ვიდეოს,შეხედე რა შემზარავი სიკვდილია.ნარკოტიკის მსხვერპლი რომელიც ნარკოტიკებს რამოდენიმე წელი მოიხმარდა.რად ღირდა ამის სიცოცხლე? ან რას მიაღწია? სიკვდილს?...ტანჯული მისი სული კი ძძრწვის და იტანჯება.სიცოცხლის ბოლო წამები რომელიც ერთ-ერთმა ვიდეო მოყვარულმა გადაიღო.
და ბოლოს, რაიმე სტატისტიკა თუ გაქვთ? ან პირადი გამოცდილებიდან როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით?
ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აპრობირებული მეთოდით – ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის, გამოვლენილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების შეჯერებით – საზღვრავენ მიახლოებით წამალდამოკიდებულთა რაოდენობას. აღნიშნული რაოდენობა კი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად კატასტროფულია.
შენ შეძლებ,უთხარი უარი ნარკოტიკს,იცხოვრე ჯანსაღად.ნარკოტიკი კლავს არამარტო შენ არამედ სიყვარულს შენში.სიყვარული კი ღერთია.ღმერთი შენ მხარესაა,მიეცი უფლება ღმერთს დაგეხმაროს შენ ამ სენისგან განკურნებაში.
ეს ჯოჯოხეთია! თუ არ გინდა მოხდე მათ სიაში მაშინ ნურც გასინჯავ რადგან მეორედ აუცილებლად გასინჯავ,მესამედ,მეოთხეთ შეტოპავ,მერე ძნელია უარი თქვა სურვილზე.შენ ავადდები და ხდები მონა ნარკოტიკისა.
am postis damwers shig aqvs...
ReplyDelete